logo
ENG



დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და დონბასში "რეფერენდუმები" 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება

20 სექ 202216:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/t1g8tpqnk87mnj6.jpg
Alexander Ermochenko / Reuters / Scanpix / LETA

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლება და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი, დენის პუშლინი აკეთებენ. 

"დონბასის მრავალტანჯულმა ხალხმა დაიმსახურა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის უფლება, რომელსაც ისინი ყოველთვის საკუთარ სამშობლოდ თვლიდნენ."- აცხადებს პუშლინი.

"გთხოვთ, რეფერენდუმის შედეგებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არ გვეპარება, რაც შეიძლება მალე განიხილოთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შეერთების საკითხი." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმი" ასევე 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა რეგიონის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა", ვლადიმერ სალდომ. მან მოსახლეობას მოუწოდა "გამოიჩინონ სამოქალაქო ცნობიერება და გააკეთონ ისტორიული არჩევანი."

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და  ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული. დონეცკის და  ლუჰანსკის ე.წ.  სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

 


close დახურვა